სტატიის წარმოდგენისა და მიღების წესი
ქრონოსი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი
- სტატიის შემოტანის წესი
- „ქრონოსში“ შემოსული სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით, „ვორდ“-ის და „პდფ“-ის ფაილების სახით (ჟურნალის ელექტრონული ფოსტის მისამართზე). მიუთითეთ: ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი, სამეცნიერო/აკადემიური წოდება, აფილაცია, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. აღნიშნული მონაცემები უნდა განთავსდეს თავფურცელზე. სტატიის პირველ გვერდზე, სადაც მოცემული იქნება სტატიის სათაური, არ უნდა მიეთითოს ავტორის სახელი და გვარი. ჟურნალის ანონიმური რეცენზირების წესიდან გამომდინარე, სტატიაში მოცემული მასალა ასევე არ უნდა იძლეოდეს ავტორის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
- შემოსულ მასალას განიხილავს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია. მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სტატია გაივლის ანონიმურ რეცენზირებას, რომლის შედეგები ეცნობება ავტორს. იმ შემთხვევაში, თუ ავტორი არ ეთანხმება რეცენზიაში გამოთქმულ შენიშვნებს, ნაშრომი შესაძლებელია გადაიგზავნოს დამატებითი რეცენზირებისთვის. სტატიის გამოქვეყნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია.
- ჟურნალის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
- სტატიის მიღების ბოლო ვადაა ყოველი წლის 1 ივნისი.
- სტატიების გამოქვეყნება უფასოა.
ჟურნალის რედაქციის მისამართია:
ჟურნალი „ქრონოსი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
უნივერსიტეტის ქ. N-2, კორპუსი 11
0186 თბილისი
ელექტრონული ფოსტა: chronos@tsu.ge
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გთხოვთ, მიმართოთ ჟურნალის რედაქციას (მთ. რედაქტორი: ალექსანდრე თვარაძე; ელ-ფოსტა: aleksandre.tvaradze@tsu.ge;
ტელ. [+995] 599 / 22 59 06)
- რეკომენდაციები სტატიის გაფორმებისთვის
ტექნიკური პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში სტატია უბრუნდება ავტორს. სტატიის მომზადებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: ა) ტექსტი შესრულებული უნდა იყოს „ვორდ“-ის პროგრამაში. ბ) ტექსტის ფორმატირებისთვის საკმარისია პროგრამის სტანდარტული პარამეტრები.
გთხოვთ, სტატია წარმოადგინოთ A 4-ის ფორმატში; ძირითად ტექსტში შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის დაშორება – 1,5; სქოლიოებში (შენიშვნებში) შრიფტის ზომა – 10, სტრიქონებს შორის დაშორება – 1,0. ტექსტის ზემოთ, ქვემოთ და მარცხნივ, არეების სახით, დატოვებული უნდა იყოს 20-20 მმ., ხოლო ტექსტის მარჯვნივ – 30 მმ.
2.1 სტატიის მოცულობა
სტატიის მოცულობა: ტექსტი, სქოლიოები, შენიშვნები და ბიბლიოგრაფია (რეზიუმეს, ილუსტრაციებისა და ტაბულების აღწერილობების გარდა) არ უნდა აღემატებოდეს 7.000 სიტყვას. მასალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი.
2.2 შრიფტი
ქართული ტექსტისთვის გამოიყენება „კოლხეთი“ (_! Kolhety), ევროპული ენებისთვის – Times New Roman, სხვა ენებისთვის – Unicode.
2.3 ძირითადი ტექსტი
- სტატიის დასაწყისში, ცენტრში, მოათავსეთ სათაური (შრიფტის ზომა 14, მუქი ფერი).
- შესაძლო ქვესათაური/ქვესათაურები უნდა განთავსდეს აგრეთვე ცენტრში (შრიფტის ზომა 12, მუქი ფერი). ქვესათაურის პარაგრაფები გამოიყოფა ნუმერაციით, არაბული ციფრებით.
- აბზაცის მოსანიშნავად კომპიუტერის კლავიატურაზე გამოიყენეთ ღილაკი „Tab“.
2.4 ტექსტის ციტირება წყაროდან ან სამეცნიერო ლიტერატურიდან
- ციტატა წყაროდან, ან სამეცნიერო ნაშრომიდან იკრიფება ჩვეულებრივი შრიფტით და თავსდება ორმაგ ბრჭყალებში: „...“. ციტატა ციტატაში აღინიშნება ერთმაგი ბრჭყალებით: ‘...’.
- სტატიის ავტორის მიერ გამოტოვებული ადგილები ციტირებულ ტექსტში აღინიშნება კვადრატული ფრჩხილებით და სამი წერტილით მათ შორის – [...]. არ ხდება გამოტოვებული ადგილების გამოყოფა ციტატის დასაწყისში ან ბოლოს. ცალკეული ცვლილებები ციტირებულ ტექსტში თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში.
- მრგვალი და კვადრატული ფრჩხილების ერთდროულად გამოყენებისას, კვადრატული ფრჩხილი, როგორც ციტირებულ, ასევე უშუალოდ სტატიის ტექსტში, მოაქციეთ მრგვალ ფრჩხილებში ( ... [ ... ] ... ).
- ციტირებული ტექსტის შემდეგ, როგორც წესი, ჯერ იხურება ბრჭყალები, შემდეგ თავსდება სასვენი ნიშანი, მაგ.: “, “.
- უცხო ენიდან ტექსტის ციტირების შემთხვევაში, სტატიის ძირითად ტექსტში უნდა მოთავსდეს ქართული თარგმანი, ხოლო ციტატა უშუალოდ ორიგინალის ენაზე შესაძლებელია ჩავიტანოთ სქოლიოში.
2.5 ინფორმაციის ხაზგასმა, გამოყოფა და აქცენტირება
კურსივით უნდა გამოიყოს ცალკეული უცხოენოვანი ცნებები. ციტატები და სათაურები თავსდება ორმაგ ბრჭყალებში. ერთმაგი ბრჭყალებით (‘...’) გამოიყოფა ის ცალკეული ცნება, რომლისგანაც ავტორს სურს დისტანცირება, ან რომელიც კონკრეტულ კონტექსტში ჩვეულებრივი მნიშვნელობით არ გამოიყენება, ან ანაქრონისტულად ჟღერს.
ზოგადად სტატიაში შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გამოიყოს ასონიშნებს შორის დაშორების საშუალებით. ამისათვის მონიშნეთ გამოსაყოფი ტექსტი, „ვორდ“-ის პროგრამაში გახსენით ფანჯარა Font, შემდეგ აირჩიეთ ფუნქცია Advanced, გრაფაში Spacing მიუთითეთ ფუნქცია Expanded, მანძილი ასონიშნებს შორის დაშორებისთვის (მონაცემები აღინიშნება Spacing-ის გრაფის გასწვრივ, გრაფაში, რომლის წინ დაწერილია By) – 2pt.
- გამოყენებული წყაროს დამოწმების წესი და ბიბლიოგრაფია
- სქოლიოს ნომერი იბეჭდება შემაღლებულად, „ვორდ“-ის პროგრამის მეშვეობით, ავტომატური თანმიმდევრული ნუმერაციით. სქოლიო დაიტანება იმავე გვერდზე.
- ყოველ ახალ გვერდზე ხდება სქოლიოების ხელახალი ნუმერაცია.
- სქოლიოს ნომერი თავსდება სასვენი ნიშნის შემდეგ, ხოლო წინადადების შიგნით უშუალოდ იმ ცნებასთან ან სიტყვასთან, რომელსაც განმარტავს.
- სტატიის სათაურში, თავის თუ ქვეთავის სათაურში, სქოლიოს აღმნიშვნელი ციფრის განთავსება არ არის სასურველი.
- ცალკეულ ავტორთან, როგორც ტექსტში მოხსენიების დროს, ასევე დამოწმებულ ლიტერატურაში, სახელის ნაცვლად უნდა აღინიშნოს ინიციალი (ან ინიციალები). ტექსტში შესაბამისი ავტორის მოხსენიების დროს, ავტორის სახელის ინიციალის და გვარის წინ არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა წოდების, მაგ., „აკადემიკოსის“, „პროფესორის“ აღმნიშვნელი ტერმინები, ან მათი შემოკლებები, „აკად.“, „პროფ.“ და სხვა.
- უცხოური ლიტერატურის დამოწმებისას, მაგ., ტომის, გვერდის აღსანიშნავად აუცილებელია გამოვიყენოთ ქართული შემოკლებები: ტ., გვ. და ა. შ..
- ქართულ ტექსტში საუკუნე/საუკუნეები აღინიშნება რომაული, ხოლო ინგლისურ ტექსტში – არაბული რიცხვებით.
- სქოლიო (შენიშვნა) მთავრდება წერტილით. სხვადასხვა დამოწმებული ნაშრომი ერთ სქოლიოში ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილ-მძიმით. დამატებითი ინფორმაცია ცალკეული დამოწმების დროს იწერება კვადრატულ ფრჩხილებში: მაგ., [იბეჭდება, ხელნაწერი, არ აქვს გამოცემის წელი და ა. შ.].
- თუ ერთ გვერდზე განთავსებულ სქოლიოში ერთი ავტორის სხვადასხვა ნაშრომი ერთმანეთს მოსდევს, მაშინ ავტორის გვარის ნაცვლად გამოიყენება შემოკლება: „მისივე“, ხოლო უშუალოდ მანამდე დამოწმებული ნაშრომისათვის – შემოკლება „იქვე“. ქართულენოვან სტატიებში ლათინური შემოკლებები არ იხმარება.
- თუ წყარო ან ლიტერატურა დამოწმებულია სხვა ნაშრომიდან უნდა აღინიშნოს: „დამოწმებულია ნაშრომიდან“ და მიეთითოს სამეცნიერო ნაშრომის დამოწმებისთვის აუცილებელი სრული მონაცემები.
- ჟურნალის ნომერი და წიგნის ტომი აღინიშნება ორიგინალის მიხედვით (არაბული ან რომაული ციფრით).
- ზოგადად დამოწმება ხდება მონოგრაფიის, ჟურნალის, კრებულის (და სხვა) სატიტულო გვერდზე განთავსებული შესაბამისი მონაცემების თანახმად, თუმცა ავტორის, გამომცემელის სახელის/სახელების ნაცვლად ყველა შემთხვევაში აღინიშნება ინიციალი/ინიციალები.
- რეკომენდებულია წყაროთა კრიტიკული გამოცემებით სარგებლობა.
- ნაშრომის რამდენიმე გამოცემის არსებობის შემთხვევაში, გამოცემის ადგილამდე და თარიღამდე, მიეთითოს გამოცემის ნომერი, მაგ. „II გამოცემა“.
- რეპრინტის შემთხვევაში აღინიშნოს „რეპრ.“
- კონკრეტული გვერდების დამოწმებისას, ციფრები მიეთითება სრულად, მაგ.: გვ. 281-284.
- ორი ან მეტი ავტორი, გამოცემის ორი ადგილი, ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით.
- გამოცემის მრავალი ადგილის არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, აღინიშნება მხოლოდ პირველი, ან პირველი ორი.
- სტატიისათვის თანდართული ბიბლიოგრაფიის სათაურია „დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა“. მონაცემები უნდა დალაგდეს ანბანურად შემდეგი თანმიმდევრობით: საარქივო ფონდები, ხელნაწერი წყაროები, გამოცემული წყაროები, სამეცნიერო ლიტერატურა. ჯერ მიეთითება ქართულენოვანი, ხოლო შემდეგ – უცხოენოვანი ლიტერატურა შემდეგი თანმიმდევრობით: ლათინური გრაფიკით, კირილიცა, ბერძნული, სომხური და სხვა.
- ბიბლიოგრაფიაში თავიდან გამუქებულად მიეთითება ნაშრომი შემოკლებული ფორმით, როგორც ის დამოწმებულია სქოლიოში; შემდეგ თავსდება ტირე და სრული მონაცემები ნაშრომის შესახებ.
- დამოწმებისას სქოლიოში მოგვაქვს მხოლოდ ცალკეული ინფორმაცია წყაროზე ან სამეცნიერო ლიტერატურაზე (ავტორის გვარი; მთავარი სიტყვა, რამდენიმე სიტყვა, ან ფრაზა სათაურიდან; გვერდი/გვერდები). სრული სახით შესაბამისი პუბლიკაცია თავსდება ბიბლიოგრაფიის ანბანურ პრინციპზე გაკეთებულ ჩამონათვალში, რომელიც თან ერთვის სტატიას.
- სქოლიოებში დამოწმებული ლიტერატურა სრულად უნდა შეესაბამებოდეს სტატიის ბიბლიოგრაფიაში მოცემულ მასალას.
- ახლად გამოცემულ ლაპიდარულ ტექსტებში გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი პირობითი ნიშნები: ( ) ქარაგმის გახსნა; [ ] აღდგენილი ადგილები; < > წარწერის შემსრულებლის მიერ ამოკვეთილი ზედმეტი ასო; { } წარწერის შემსრულებლის მიერ უნებლიეთ გამოტოვებული ასო; . . . ნაკლული ტექსტის ასოთა გაურკვეველი რაოდენობა; - - - ნაკლული ტექსტის ასოთა სავარაუდო რაოდენობა (ყოველი ხაზი აღნიშნავს თითო ასოს); (?) საეჭვო წაკითხვა; (!) უეჭველი, მაგრამ გაუგებარი წაკითხვა; | დედნისეული სტრიქონის გამოყოფა; || სტრიქონის გადასვლა ქვის მეორე ფილაზე; / / სტრიქონის ზემოდან დაწერილი ტექსტი; + დამატებული ასო ან სიტყვა; – დაკლებული ასო ან სიტყვა; ] ტექსტის ეს ადგილი დაბეჭდილია შემდეგნაირად (იხ. ქართული წარწერების კორპუსი I, ლაპიდარული წარწერები I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო [V-X სს.], შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, გვ. 325).
- გამოუქვეყნებელი საბუთების ტექსტებში გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი პირობითი ნიშნები: ( ) ქარაგმის გახსნა; [ ] აღდგენილი ადგილები; [±] დაკლებულ ასოთა მიახლოებითი რაოდენობა; [5] დაკლებულ ასოთა ზუსტი რაოდენობა; ... დაკლებულ ასოთა გაურკვეველი რაოდენობა; { } დამწერის მიერ უნებლიეთ გამოტოვებული და გამოცემაში აღდგენილი ადგილები; < > ზედმეტი ადგილები; [[ ]] თვით დამწერის მიერ გადაშლილი ადგილები; | დედნისეული სტრიქონის გამოყოფა; || დედნისეული კეფის გამოყოფა; // // კიდეებზე მიწერილი ტექსტი (სქოლიოში აღინიშნება რომელ კიდეზეა); ~ სიტყვების გადაადგილება კითხვასხვაობებისათვის; r საბუთის წინა მხარე; v საბუთის ზურგი; + დამატებული ასო ან სიტყვა; – დაკლებული ასო ან სიტყვა; ] ტექსტის ეს ადგილი ამა თუ იმ გამოცემაში დაბეჭდილია შემდეგნაირად (იხ. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, ქართული ისტორიული საბუთები IX-XIII სს., შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1984, გვ. 15).
3.1 საარქივო ფონდი, ხელნაწერი წყარო
ქვემოთ მოტანილია შესაბამისი მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს მასალების დამოწმება. მაგ., საქართველოს ეროვნული არქივის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივის კოლექციებიდან.
თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ისტორიულ და ეთნოლოგიურ არქივში დაცული მასალის დამოწმების წესი ორგვარია: სრულად დამუშავებული საარქივო მასალისთვის (საარქივო ფონდი პერსონალური შიფრით/კოდით) და პირველადი აღწერილობის საარქივო მასალისთვის (უნიკალური საიდენტიფიკაციო შიფრის გარეშე). ამასთანავე, ექსპედიციების ფონდიდან ფოტომასალის დამოწმების შემთხვევაში, თავდაპირველად უნდა მიეთითოს ექსპედიციების ფონდი, სურათის რაობა, შემდეგ აღინიშნოს რეგიონი, ექსპედიციის წელი, საქაღალდის ნომერი.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
იეა, ვ. ბ. 190 – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ისტორიული და ეთნოლოგიური არქივი, ვერა ბარდაველიძე, საქაღალდე 190, ფურცელი 5 (დამოწმების წესი სრულად დამუშავებული მასალებისთვის).
იეა, ლ. ბ. 1 – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ისტორიული და ეთნოლოგიური არქივი, ლუბა ბოჭორიშვილის საარქივო მასალა, საქაღალდე N1 (დამოწმების წესი პირველადი აღწერილობის მქონე საარქივო მასალებისთვის).
იეა, სადღვებელი, მთა-თუშეთის 1966 წლის ექსპედიცია, 1 – თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ისტორიული და ეთნოლოგიური არქივი, ფოტოზე ასახული ობიექტის/ნივთის რაობა: სადღვებელი, მთა-თუშეთის 1966 წლის ექსპედიცია, საქაღალდე N1, საარქივო მასალა ექსპედიციის ფონდიდან (დამოწმების წესი ექსპედიციების ფონდის ფოტომასალისთვის).
სცა, ფონ. 1448, საქ. 31 – საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1448, საქმე 31.
უიცა, ფონ. 471, ანაწ. 1, საქ. 6 – უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი 471, ანაწერი 1, საქმე 6, ფურცელი 149.
თცა, ფონ. 8, ანაწ. 3, საქ. 13 – თბილისის ცენტრალური არქივი, ფონდი 8, ანაწერი 3, საქმე 13.
ხეც, Hd, 16 – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტების Hd კოლექცია, საბუთი N 16.
ხეც, დ. ბაქრაძის ფონ., N 4, საქ. N 165 – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დ. ბაქრაძის ფონდი, N 4, საქმე N 165, ფურცელი 1.
დამოწმება სქოლიოში:
იეა, ვ. ბ. 190, ფ. 5 (დამოწმების წესი სრულად დამუშავებული მასალებისთვის).
იეა, ლ. ბ. 1. (დამოწმების წესი პირველადი აღწერილობის მქონე საარქივო მასალებისთვის).
იეა, სადღვებელი, მთა-თუშეთის 1966 წლის ექსპედიცია, 1 (დამოწმების წესი ექსპედიციების ფონდის ფოტომასალისთვის).
სცა, ფონ. 1448, საქ. 31.
უიცა, ფონ. 471, ანაწ. 1, საქ. 6, ფ. 149.
თცა, ფონ. 8, ანაწ. 3, საქ. 13.
ხეც, Hd, 16.
ხეც, დ. ბაქრაძის ფონ., N 4, საქ. N 165, ფ. 1.
3.2 გამოცემული წყარო
გამოცემული წყაროს დამოწმების შემთხვევაში, თხზულების სათაური გამოიყოფა კურსივით, ხოლო დანარჩენი მონაცემები იწერება ჩვეულებრივი შრიფტით. ინფორმაცია წყაროს გამომცემელის შესახებ ბიბლიოგრაფიაში თავსდება წიგნის სატიტულო გვერდზე მოტანილი მონაცემების შესაბამისად.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი – ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ. შანიძემ, თბილისი, 1992.
დამოწმება სქოლიოში:
ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, გვ. 15.
3.3 სამეცნიერო მონოგრაფია
სამეცნიერო მონოგრაფიის დამოწმებისას, მონაცემები თავსდება შემდეგი სახით და თანმიმდევრობით: ბიბლიოგრაფიაში, სქოლიოში დასამოწმებელი ნიმუშის შემდეგ, რომელიც მუქად არის გამოყოფილი, იწერება ავტორის გვარი და ინიციალი (ინიციალები); ნაშრომის სათაური (კურსივით); ქვესათაური (ასეთის არსებობის შემთხვევაში; აგრეთვე დახრილი შრიფტით); ტომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სერია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გამოცემა (თუ ეს არის მეორე, მესამე და ა. შ. გამოცემა), გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ბერძენიშვილი, გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში – ბერძენიშვილი ნ., გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, თბილისი, 1966.
დამოწმება სქოლიოში:
ბერძენიშვილი, გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, გვ. 10.
3.4 ოთხი ან მეტი ავტორის პუბლიკაცია
სამი ან ნაკლები ავტორის შემთხვევაში სქოლიოში აუცილებელია ყველა ავტორის მოხსენიება. თუ ნაშრომს ჰყავს ოთხი ან მეტი ავტორი, სქოლიოში მიეთითება პირველი ავტორი და ფრჩხილებში თავსდება შემოკლება „და სხვა“ (შესაბამისი უცხოენოვანი ნაშრომის დამოწმებისას სქოლიოში გამოიყენება შემოკლება „et al.“), ხოლო ბიბლიოგრაფიაში თავსდება სრული მონაცემები ავტორების შესახებ.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
აბაშიძე (და სხვა), ყოველი საქართველო – აბაშიძე ზ., ვაშაკიძე ვ., მირიანაშვილი ნ., ჭეიშვილი გ., ყოველი საქართველო (ქართული სახელმწიფოს ისტორიული საზღვრები უძველესი დროიდან დღემდე), თბილისი, 2014.
დამოწმება სქოლიოში:
აბაშიძე (და სხვა), ყოველი საქართველო, გვ. 10.
3.5 სამეცნიერო სტატია ჟურნალში
ჟურნალიდან სტატიის დამოწმების დროს სტატიის სათაური იწერება კურსივით, ჟურნალის დასახელება თავსდება ბრჭყალებში. თუ ჟურნალის ნუმერაცია თანმიმდევრულად იზრდება (მაგ., 2000 წელს – გამოვიდა ნომერი 1, 2001 წელს – ნომერი 2 და ა. შ.), ჟურნალის შესაბამისი ნომერი თავსდება ჟურნალის სათაურის შემდეგ, გამოცემის წელის წინ. თუ ჟურნალის შესაბამისი ნომერი აღნიშნავს მხოლოდ კონკრეტულ წელს გამოსულ ერთ-ერთ ნომერს, ჟურნალის ნომერი თავსდება გამოცემის წლის შემდეგ, მხოლოდ ჟურნალის ნომრის წინ იწერება ნომერის აღსანიშნავად ლათინური N (მაგ., 2010, N1). გამოქვეყნებული სტატიის, ასევე ცალკეული წყაროს გვერდები ბიბლიოგრაფიაში უნდა აღინიშნოს სრულად.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ყაუხჩიშვილი, ესქილეს „სპარსელები“ – ყაუხჩიშვილი თ., ესქილეს „სპარსელები“ და ჰეროდოტეს „ისტორია“, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, 5, 1978, გვ. 5-19.
დამოწმება სქოლიოში:
ყაუხჩიშვილი, ესქილეს „სპარსელები“, გვ. 5.
3.6 სტატია კრებულში
სამეცნიერო კრებულში დაბეჭდილი სტატიის სათაური იწერება კურსივით. კრებულის დასახელება თავსდება ბრჭყალებში. სამეცნიერო კრებულის, მრავალი ავტორის მონაწილეობით მომზადებული გამოცემის დამოწმების დროს, აუცილებელია რედაქტორის აღნიშვნა.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ალექსიძე, არსენი საფარელის წყაროებისათვის – ალექსიძე ზ., არსენი საფარელის წყაროებისათვის, „ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული“, რედ. გ. მელიქიშვილი, თბილისი, 1976, გვ. 209-217.
დამოწმება სქოლიოში:
ალექსიძე, არსენი საფარელის წყაროებისათვის, გვ. 209.
3.7 ნაშრომი ერთი ავტორის თხზულებათა სრულ კრებულში ან სხვადასხვა ავტორის მონაწილეობით მომზადებულ გამოცემაში
როდესაც ვიმოწმებთ შესაბამისი ავტორის ნაშრომს, რომელიც შესულია იმავე ავტორის თხზულებათა მრავალტომეულში, ბიბლიოგრაფიაში მონაცემები თავსდება შემდეგი სახით და თანმიმდევრობით: ავტორის გვარი და ინიციალი (ინიციალები) სახელის (სახელების) ნაცვლად, ნაშრომის სათაური (კურსივით); აღნიშვნა: „წიგნში“; ავტორის გვარის ნაცვლად: „მისივე“. შემდეგ მოგვაქვს მონაცემები მრავალტომეულის კონკრეტული ტომის შესახებ (დასახელება იწერება კურსივით) და ბოლოს აღინიშნება ნაშრომის გვერდები.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წგნ. II – ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. II, წიგნში: მისივე, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, თბილისი, 1983, გვ. 06-08, 1-449.
დამოწმება სქოლიოში:
ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წგნ. II, გვ. 50.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ჯანაშია, საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე – ჯანაშია ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, წიგნში: მისივე, შრომები, ტ. I, თბილისი, 1949, გვ. 129-296.
დამოწმება სქოლიოში:
ჯანაშია, საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, გვ. 129.
იმ შემთხვევაში, თუ ვიმოწმებთ შესაბამისი ავტორის ნაშრომს, რომელიც შესულია გამოცემაში, სადაც წიგნის ცალკეულ ნაწილებს ჰყავს სხვადასხვა ავტორი, ბიბლიოგრაფიაში მონაცემები თავსდება შემდეგი სახით და თანმიმდევრობით: ავტორის გვარი და ინიციალი (ინიციალები) სახელის (სახელების) ნაცვლად; ნაშრომის დასახელება (კურსივით); ბრჭყალებში შესაბამისი წიგნის დასახელება, სადაც შესულია აღნიშნული ნაშრომი; ტომის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გამოცემის მთავარი/პასუხისმგებელი რედაქტორი; გამოცემის ადგილი და წელი; ნაშრომის გვერდები.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ლორთქიფანიძე, საქართველო XI ს. ბოლოსა და XII ს. პირველ მეოთხედში. დავით IV აღმაშენებელი – ლორთქიფანიძე მ., საქართველო XI ს. ბოლოსა და XII ს. პირველ მეოთხედში. დავით IV აღმაშენებელი, „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. III (საქართველო XI-XV საუკუნეებში), ტომის რედაქტორები: ზ. ანჩაბაძე, ვ. გუჩუა, თბილისი, 1979, გვ. 210-262.
დამოწმება სქოლიოში:
ლორთქიფანიძე, საქართველო XI ს. ბოლოსა და XII ს. პირველ მეოთხედში. დავით IV აღმაშენებელი, გვ. 210.
3.8 დისერტაცია
სადისერტაციო ნაშრომის დამოწმების დროს, როგორც სხვა შემთხვევაში, მონაცემები სრულად უნდა იყოს მოტანილი სატიტულო გვერდიდან. ნაშრომის დასახელება იწერება კურსივით.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
მესხია, ხელოსნობა ძველ საქართველოში – მესხია შ., ხელოსნობა ძველ საქართველოში (V-XVII სს.), ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი, 1942.
დამოწმება სქოლიოში:
მესხია, ხელოსნობა ძველ საქართველოში, გვ. 30.
3.9 წყაროების კრებულის, აღწერილობის, ნათარგმნი ძეგლის, საბუთების კრებულის, ლექსიკონის, ენციკლოპედიის და ა. შ. მითითების წესი:
წყაროების კრებულის დამოწმების დროს (მაგ. „ქართლის ცხოვრება“) თავიდან აღინიშნება ავტორი, შემდეგ კურსივით იწერება თხზულების სათაური, ბრჭყალებში თავსდება კრებულის დასახელება. გამოცემის ადგილის და თარიღის აღნიშვნის შემდეგ, სრულად მიეთითება შესაბამისი წყაროს გვერდები.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი – ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი, „ქართლის ცხოვრება“, ტ. II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1959, გვ. 326-442.
დამოწმება სქოლიოში:
ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი, გვ. 330.
აღწერილობის დამოწმების დროს მონაცემები მოტანილი უნდა იყოს წიგნის სატიტულო გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად. ნაშრომის სათაური იწერება კურსივით.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, (S) კოლექცია, ტ. III – ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა: ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა, ტ. III, შედგენილია და დასაბეჭდად დამზადებული: თ. ენუქიძის, ე. მეტრეველის, მ. ქავთარიას, ლ. ქუთათელაძის, მ. შანიძის და ქრ. შარაშიძის მიერ, ე. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 1963.
დამოწმება სქოლიოში:
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, (S) კოლექცია, ტ. III, გვ. 15.
კრებულში მოთავსებული ნათარგმნი თხზულების დამოწმებისას ინფორმაცია თავსდება შემდეგი სახით და თანმიმდევრობით: მონაცემები ავტორის შესახებ, თხზულების სათაური (კურსივით), კრებულის დასახელება (ბრჭყალებში), ტომის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამომცემელის ინიციალი (ინიციალები) და გვარი, გამოცემის ადგილი, თარიღი (მონაცემები, როგორც წესი, მოტანილი უნდა იყოს სატიტულო გვერდის მიხედვით) და შესაბამისი გვერდები.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
მიქელ პანარეტოსი, [ტრაპიზონის ქრონიკა] – მიქელ პანარეტოსი, [ტრაპიზონის ქრონიკა], „გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ“, ტომი მეშვიდე, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა, განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1967, გვ. 165-214.
დამოწმება სქოლიოში:
მიქელ პანარეტოსი, [ტრაპიზონის ქრონიკა], გვ. 165.
დოკუმენტების კრებულის დამოწმების შემთხვევაში ბიბლიოგრაფიაში თავსდება მხოლოდ დოკუმენტების კრებულის დასახელება გამომცემლის/გამომცემლების მითითებით. კრებულის სახელწოდება იწერება კურსივით.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I – ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1984.
დამოწმება სქოლიოში:
ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, გვ. 32.
ენციკლოპედიიდან სტატიის დამოწმებისას ბიბლიოგრაფიაში თავიდან იწერება ავტორის გვარი და ინიციალი (ინიციალები) სახელის (სახელების) ნაცვლად (თუ აღნიშნული მონაცემები მოტანილია სტატიასთან). ავტორის სახელის და გვარის მთლიანად ინიციალებით დამოწმების შემთხვევაში, ისინი თავსდება ფრჩხილებში. სტატიის სათაური გამოიყოფა კურსივით, ენციკლოპედიის დასახელება თავსდება ბრჭყალებში. შემდეგ მიეთითება შესაბამისი ტომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ დამოწმებაში მოტანილია ამა თუ იმ ენციკლოპედიის II, III და ა. შ. გამოცემა, უნდა აღინიშნოს გამოცემის სათანადო ნომერი. ბოლოს თავსდება გამოცემის თარიღი და სრული მონაცემები შესაბამისი გვერდების შესახებ. თუ ენციკლოპედიას აქვს სხვადასხვა ავტორის სამეცნიერო სტატიებისგან შემდგარი კრებულის სახე, ასეთ შემთხვევაში აგრეთვე აღინიშნება ენციკლოპედიის გამომცემელი და გამოცემის ადგილი.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
(T. S. B.), Herodotus – (T. S. B.), Herodotus, „The New Encyclopaedia Britannica“, ტ. 8, 15th Edition, 1976, გვ. 820-822.
დამოწმება სქოლიოში:
(T. S. B.), Herodotus, „The New Encyclopaedia Britannica“, ტ. 8, გვ. 820.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
Historiography, „Britannica Concise Encyclopedia“ – Historiography, „Britannica Concise Encyclopedia“, 2006, გვ. 879.
დამოწმება სქოლიოში:
Historiography, „Britannica Concise Encyclopedia“, გვ. 879.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
Soderberg, Cities: Europe – Soderberg J., Cities: Europe, „Encyclopedia of Society and Culture in the Medieval World“, Ed. in Chief P. J. Crabtree, New York, 2008, გვ. 198-203.
დამოწმება სქოლიოში:
Soderberg, Cities: Europe, გვ. 198.
3.10 სტატია გაზეთში, ზოგადი პროფილის (არასამეცნიერო)
პერიოდულ გამოცემაში
გაზეთიდან, ზოგადი პროფილის პერიოდული გამოცემიდან მასალის დამოწმების დროს ბიბლიოგრაფიაში მონაცემები თავსდება შემდეგი თანმიმდევრობით: ავტორის გვარი და ინიციალი (ინიციალები) სახელის (სახელების) ნაცვლად, სტატიის სათაური (კურსივით), პერიოდული გამოცემის დასახელების წინ მიეთითება: „გაზ.“/„ჟურნ.“, პერიოდული გამოცემის დასახელება (ბრჭყალებში); გამოცემის წელი, ლათინურად შესაბამისი ნომერის აღსანიშნავად – N, კონკრეტული ნომერი, რიცხვი/თვე, გვერდი/გვერდები.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
ხახანაშვილი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები – ხახანაშვილი ა., პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები, ჟურნ. „მოამბე“, 1898, N1, იანვარი, გვ. 1-20.
დამოწმება სქოლიოში:
ხახანაშვილი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები, გვ. 1.
3.11 ელექტრონული წყარო
ინტერნეტიდან მასალის მითითების შემთხვევაში ბიბლიოგრაფიაში მოგვაქვს სრული მონაცემები მასალის შესახებ: ავტორის გვარი და ინიციალი (ინიციალები) სახელის (სახელების) ნაცვლად, სტატიის სათაური (იწერება კურსივით), ინტერნეტში განთავსებული ელექტრონული წყაროს ან ვებგვერდის დასახელება (თავსდება ბრჭყალებში), ვებგვერდის მისამართი. ფრჩხილებში მიეთითება მასალის ბოლო გადამოწმების თარიღი.
დამოწმება ბიბლიოგრაფიაში:
Vann, Historiography – Vann R. T., Historiography, ელექტრონული ენციკლოპედია: „Britannica“, ვებგვერდის მისამართი: https://www.britannica.com/topic/historiography/Ancient-historiography (გადამოწმების თარიღი: 20.10.2020).
დამოწმება სქოლიოში:
Vann, Historiography.
4. სტატიის რეზიუმეს მომზადების წესები
ყოველ სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე. სტატიის რეზიუმეს გაფორმებისას (შრიფტის ზომა, დაშორება სტრიქონებს შორის და ა. შ.) უნდა ვიხელმძღვანელოთ იმავე წესებით, რომლითაც მზადდება ძირითადი ტექსტი. რეზიუმეს მოცულობა დაახლოებით 250-500 სიტყვა. რეზიუმე თავსდება ბიბლიოგრაფიის შემდეგ. სათაურში აუცილებელია ძირითადი სიტყვების დაწყება მთავრული ასონიშნებით.
5. წიგნის რეცენზირების წესები
წიგნის განხილვის (Book Review) მომზადებისას სავალდებულოა სტატიებისთვის დადგენილი წესით ხელმძღვანელობა (შენიშვნების ნაცვლად ტექსტში ჩაისმება მოკლე მითითებები). განხილული წიგნის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის ინიციალი (ინიციალები) სახელის (სახელების) ნაცვლად და გვარი, წიგნის სათაური (კურსივით), ტომის და სერიის ნომერი (ამგვართა არსებობის შემთხვევაში), გამომცემლობის დასახელება, გამოცემის ადგილი, წელი ან სხვა დამატებითი ინფორმაცია – მაგ., ISBN-ის ნომერი და ა. შ. (სატიტულო გვერდის მიხედვით). ლიტერატურა, რომლის დამოწმებაც აუცილებელია რეცენზიაში, თავსდება უშუალოდ ტექსტში ჩვეულებრივ ფრჩხილებში (ავტორის ინიციალი სახელის ნაცვლად, გვარი, ნაშრომის სათაური [დახრილი შრიფტით], ტომის და სერიის ნომერი [ამგვართა არსებობის შემთხვევაში], გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი და გვერდი). ზუსტი ციტატა განხილული წიგნიდან იწერება ჩვეულებრივი შრიფტით და თავსდება ბრჭყალებში. ციტატის ბოლოს, ფრჩხილებში, მიეთითება შესაბამისი გვერდი, მაგ., „(გვ. 150)“.
6. ჟურნალისთვის რეკომენდებული შემოკლებები
6. 1 ცალკეული ცნებების შემოკლებები
ახ. წ. – ახალი წელთაღრიცხვით
გვ. – გვერდი
დასახ. ნაშრ. – დასახელებული ნაშრომი
დის. – დისერტაცია
იხ. – იხილე(თ)
კ/ჟ – კინოჟურნალი
კრებ. – კრებული
ჟურნ. – ჟურნალი
რედ. – რედაქტორი
რეპრ. – რეპრინტი
საქ. - საქმე
ს. – საუკუნე
სს. – საუკუნეები
სვ. – სვეტი
სტრიქ. – სტრიქონი
სურ. – სურათი
ტაბ. – ტაბულა
ტ. – ტომი
ფონ. – ფონდი
ფ. – ფურცელი
ძვ. წ. – ძველი წელთაღრიცხვით
ციტ. – ციტირებულია
წგნ. – წიგნი
წ. – წელი
წწ. – წლები
შდრ. – შეადარე(თ)
შენ. – შენიშვნა
ხელნ. – ხელნაწერი
6.2 შემოკლებები ქართული გამოცემების დასახელებებისთვის
გეორგიკა – გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა
ენიმკის მოამბე – აკად. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის მოამბე
თსუ შრომები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები
იეიშ – თსუ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები
მაცნე, ელს – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია
მაცნე, ეს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ეკონომიკის სერია
მაცნე, ესს – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ეკონომიკის და სამართლის სერია
მაცნე, იაეხს – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია
მაცნე, იაეხს – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია
მსკა – მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის
მსკი – მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის
სმამ – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე
სსმმ – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე
სემმ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე
ქრონიკები – ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა (და მწერლობისა), გამოცემული თედო ჟორდანიას მიერ
ქსე – ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ქსძ – ქართული სამართლის ძეგლები, გამოცემული ისიდორე დოლიძის მიერ
ქ. ცხ. – ქართლის ცხოვრება
ქწ – ქართული წყაროთმცოდნეობა
ძეგლები – ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები
დამატებით იხელმძღვანელეთ ქვემოთ განთავსებული შემოკლებებით (წიგნიდან: ანისი და საქართველო = Ani and Georgia: ნარკვევები, მასალები [ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტი], ტ. 1-3, რედაქტორი ზ. სხირტლაძე, თბილისი, 2020).
რეკომენდებული შემოკლებებისათვის იხ. აგრეთვე დამბარტონ ოუქსის შესაბამის შემოკლებათა ჩამონათვალი: https://www.doaks.org/resources/publications/resources-for-authors-and-editors/list-of-abbreviations-used-in-byzantine-publications
7. საილუსტრაციო მასალა (ფოტო, გეგმა, გრაფიკა, ნახაზი და ა. შ.)
ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში ილუსტრაცია (ფოტო, გრაფიკული გამოსახულება და სხვა) მოცემული იქნება შავ-თეთრად. ავტორმა მასალა უნდა წარმოადგინოს ელექტრონული, ფერადი/შავ-თეთრი ილუსტრაციების სახით (სულ მცირე 300 დპი). გთხოვთ ილუსტრაციები მოგვაწოდოთ ასევე ცალკე, „ჯპგ“-ს ფაილების სახით. მასალა შესაძლებელია განთავსდეს როგორც ტექსტში, ასევე სტატიის ბოლოს. ყოველ ილუსტრაციას დაერთვის შესაბამისი განმარტება სტატიის ენაზე. ილუსტრაციების განმარტებების თარმანი, ჩამონათვალის სახით (ქართულ ან ინგლისურ ენაზე), უნდა განთავსდეს სტატიის ბოლოს. მასალასთან აღნიშნული უნდა იყოს ავტორი და წყარო. რედაქცია პასუხს არ აგებს წარმოდგენილი ილუსტრაციების საავტორო უფლებებზე. ავტორი ვალდებულია, თავად მოიპოვოს მათი გამოქვეყნების ნებართვა. ილუსტრაციების ჩამონათვალისათვის გთხოვთ გამოიყენოთ სათაური: ილუსტრაციები / Illustrations.
8. ტექნიკური რეკომენდაციები
8.1 რიცხვები, დეფისი და სხვა
კონკრეტული თარიღების აღნიშვნისას ორი ციფრული ერთეული ერთმანეთისგან გამოიყოფა დეფისით: 1856-1858.
ციფრებში ათასიდან ცალკეული ერთეულები ერთმანეთისგან გამოიყოფა წერტილით, მაგ. 250.000, 1.000.000.
ათიანი წლების აღსანიშნავად დაიწეროს მაგ. „1950-იანი წლები“, სადაც რიცხვის შემდეგ დაიწერება დეფისი.
8.2 ორთოგრაფიული ლექსიკონები
ორთოგრაფიის საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია ხელმძღვანელობა ელექტრონული ლექსიკონებით, რომლებიც განთავსებულია „თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის“ და „ენის მოდელირების ასოციაციის“ ვებგვერდებზე:
https://www.ice.ge/liv/liv/index.php
http://www.ena.ge/
Articles
Section default policyსაავტორო უფლება
ღია წვდომის პოლიტიკა
„ქრონოსის“ მასალებზე წვდომა თავისუფალია.
მონაცემთა კონფიდენციალურობა
შესაბამისი მონაცემები და ელექტრონული ფოსტის მისამართები, რომლებიც შეტანილია ჟურნალის საიტზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ ჟურნალის მითითებული მიზნებისთვის. არ მოხდება მათი გამოყენება სხვა მიზნებისთვის, ისინი არ გადაეცემა სხვა პირებსა და ორგანიზაციებს.