საგამომცემლო ეთიკა
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – „ქრონოსი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი“ – სარედაქციო კოლეგია იზიარებს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ მიღებულ საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის რეკომენდაციებზე დაფუძნებულ პრინციპებს (შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით მასალები იხ.: „საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის“ ვებგვერდზე: https://publicationethics.org/).
საგამომცემლო აქტივობისას არაკეთილსინდისიერი ქმედებების (პლაგიატი, არასწორი ინფორმაციის გავრცელება და სხვ.) თავიდან ასაცილებლად, მაღალი ხარისხის აკადემიური კვლევების გამოცემისა და ავტორის კვლევის შედეგების საჯაროობის უზრუნველსაყოფად, სარედაქციო კოლეგიის ყველა წევრმა, ავტორმა, რეცენზენტმა და გამომცემელმა განუხრელად უნდა დაიცვას აღიარებული ეთიკური სტანდარტები, ნორმები და წესები და არ დაუშვას მათი დარღვევა.
რედაქტორის ვალდებულებები
რედაქტორი ვალდებულია:
- იზრუნოს ჟურნალის განვითარებაზე;
- დაიცვას აკადემიური თავისუფლების პრინციპები;
- დააკმაყოფილოს ავტორთა და მკითხველთა მოთხოვნები;
- მიიღოს გადაწყვეტილებები თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, ყველა ეტაპზე უზრუნველყოს სარედაქციო საქმიანობის ღიაობა;
- ავტორებთან, რეცენზენტებთან და სხვა გამომცემელ-კონსულტანტებთან კომუნიკაციისას დაიცვას კონფიდენციალობა ჟურნალში შემოსულ ყველა მასალასთან დაკავშირებით;
- შეაფასოს ნაშრომი ავტორის რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური აღმსარებლობის, ეროვნების, მოქალაქეობისა და პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად, წარმოდგენილი მასალის სამეცნიერო ღირებულების საფუძველზე;
- ჟურნალში შემოსული სტატიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: შესაბამისობაშია ჟურნალის შინაარსთან, რელევანტურია, შეიცავს მეცნიერულ სიახლეს ან/და მას აქვს სამეცნიერო ღირებულება, მოცემული არგუმენტები საფუძვლიანია, კვლევის შედეგები სანდოა, დასკვნები – მკაფიოა და სრულყოფილი;
- გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა უფლება, რათა უზრუნველყოს გამოქვეყნებული მასალის მაღალი ხარისხი და პერსონალური ინფორმაციის დაცვა; შინაარსობრივი, გრამატიკული, სტილისტური ან/და სხვა ტიპის შეცდომის აღმოჩენისას, სარედაქციო კოლეგიასთან ერთად იზრუნოს მათ აღმოფხვრაზე;
- ნაშრომის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინოს რეცენზირების პროცესში გამოთქმული ყველა რეკომენდაცია;
- ნაშრომის გამოქვეყნებაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, წარმოადგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
- ავტორსა და რეცენზენტს სრული შესაძლებლობა მისცეს დაასაბუთონ საკუთარი სამეცნიერო პოზიცია;
- ჟურნალში შემოსული მასალა, ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე, არ გამოიყენოს საკუთარ კვლევაში.
ავტორის უფლება-მოვალეობები
ავტორი ვალდებულია:
- წარმოადგინოს ორიგინალური კვლევა; სხვა ნაშრომიდან ტექსტის ან გრაფიკული ინფორმაციის მოხმობისას, მიუთითოს პირველწყარო ან/და წარმოადგინოს წერილობითი ნებართვა არსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით; წინააღმდეგ შემთხვევაში მოტანილი მასალა ჩაითვლება პლაგიატად;
- წარმოადგინოს მხოლოდ ავთენტური მონაცემები და ინფორმაცია; ღია წვდომის უფლებით არ გამოიყენოს მასალა, რომელზეც არ გააჩნია შესაბამისი ნებართვა; არ დაუშვას ფალსიფიკაცია;
- არ დაუშვას ნაშრომის დუბლიკაცია;
- დაბეჭდვამდე ან გამოქვეყნების შემდეგ ნაშრომში ხარვეზის/ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ჟურნალის რედაქტორს და/ან სარედაქციო კოლეგიას;
- იმ შემთხვევაში, თუ რედაქტორს და/ან სარედაქციო კოლეგიას მესამე პირი მიაწვდის ინფორმაციას, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის ორიგინალობა იწვევს ეჭვს ან ნაშრომი შეიცავს საფუძვლიან ხარვეზებს, წარმოადგინოს დასაბუთებული მტკიცებულება, რითაც გააბათილებს წამოყენებულ ბრალდებას;
- მიუთითოს ნაშრომის თანაავტორი/თანაავტორები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რეცენზენტის უფლება-მოვალეობები
რეცენზენტი ვალდებულია:
- წარმოადგინოს ობიექტური შეფასება;
- შეფასებისას წარმოადგინოს არგუმენტირებული მტკიცებულებები;
- დაიცვას კონფიდენციალობა; არ გააზიაროს ინფორმაცია სტატიის ან რეცენზიის შესახებ;
- აცნობოს ჟურნალის რედაქტორს და/ან სარედაქციო კოლეგიას, თუ მიიჩნევს, რომ მისი კვალიფიკაცია საკმარისი არ არის წარმოდგენილი ნაშრომის შესაფასებლად ან ვერ ხერხდება რეცენზირების ვადების დაცვა;
- ხელი შეუწყოს ავტორს ნაშრომის სრულყოფაში;
- დაიცვას სამეცნიერო ეთიკა და არ მიმართოს ავტორის პერსონალურ კრიტიკას;
- არ გამოიყენოს სარეცენზიო ნაშრომის დებულებები საკუთარ კვლევაში;
ინტერესთა კონფლიქტი
ეთიკური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა ნაშრომის გამოქვეყნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის. ამ მიზნით,
რედაქტორი ვალდებულია:
- არ მიაწოდოს რეცენზენტს შესაფასებლად ნაშრომი, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ინტერესთა კონფლიქტს;
- გაასაჯაროოს ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, თუ აღნიშნული ცნობილი გახდა ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ;
- საკუთარი ან სარედაქციო კოლეგიის წევრის მიერ წარმოდგენილი მასალის რეცენზირებისას დაიცვას ნაშრომის შეფასების საერთო წესი.
ავტორი ვალდებულია:
- რედაქტორს ან/და სარედაქციო კოლეგიას წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
- მიუთითოს ინფორმაცია სამუშაო ადგილისა და კვლევის პოტენციური დამფინანსებლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
რეცენზენტი ვალდებულია:
- რედაქტორს ან/და სარედაქციო კოლეგიას აცნობოს ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ და ასეთის შემთხვევაში უარი განაცხადოს ნაშრომის შეფასებაზე.
დარღვევები
საგამომცემლო ეთიკის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია შეისწავლის ვითარებას და მოითხოვს დამატებით ახსნა-განმარტებებს.
საჩივრები საგამომცემლო ეთიკის დარღვევებთან დაკავშირებით შეიძლება შეეხოს სხვა პირის ტექსტის მითვისებას, პლაგიატის, დუბლირებული ნაშრომების, გამოქვეყნებულ მასალაში საეჭვო ან ყალბი მონაცემების არსებობას, სხვა ავტორის ნაშრომის გამოყენებისას ავტორის ვინაობის არასწორად მითითებას ან/და სხვა გადაცდომებს. ამგვარ შემთხვევაში, რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია გამოყოფს სამუშაო ჯგუფს და, საჭიროებისამებრ, მიმართავს დამატებით შემფასებლებს.
საგამომცემლო ეთიკის პრინციპების დარღვევისას:
- წარმოდგენილი მასალა არ დაიბეჭდება;
- გამოქვეყნებული ნაშრომის შემთხვევაში:
ა) სათანადო ინფორმაცია ან/და შესწორებები განთავსდება ჟურნალის მომდევნო ნომერში;
ბ) ნაშრომი ამოღებული იქნება ჟურნალის ელექტრონული ვერსიიდან და იქვე გაკეთდება სათანადო განმარტება; - ჟურნალი არ დაბეჭდავს ავტორის ნაშრომს 36 თვის განმავლობაში ან აღარ ითანამშრომლებს მასთან;
- რედაქტორის, სარედაქციო კოლეგიის წევრის და რეცენზენტის მიმართ გამოყენებული იქნება საგამომცემლო ეთიკის ნორმებით გათვალისწინებული ზომები.
ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა სანქცია მხოლოდ საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ.