სტატიის რეცენზირების პროცესი
„ქრონოსში“ დასაბეჭდად წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ორიგინალური; არ უნდა იყოს დაბეჭდილი ან გადაცემული გამოსაქვეყნებლად. შემოსულ მასალას განიხილავს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია და იღებს გადაწყვეტილებას სტატიის სარეცენზიოდ მიღების ან უარყოფის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნაშრომი იგზავნება სარეცენზიოდ. რეცენზირების პროცესში დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. ავტორი და რეცენზენტი არ უნდა იყვნენ აფილირებულნი ერთსა და იმავე სამეცნიერო ინსტიტუციასთან. რეცენზირების ვადაა ორი-ოთხი თვე. ავტორებსა და რეცენზენტებს შორის მედიაციას წარმართავს მთავარი რედაქტორი. დადებითი რეცენზიის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალა დაიბეჭდება.
როდესაც სარეცენზიო დასკვნა დადებითია და შეიცავს მხოლოდ ცალკეულ, არაარსებითი ხასიათის შენიშვნებს/რეკომენდაციებს, ავტორმა სარედაქციო კოლეგიას ორი კვირის განმავლობაში უნდა მიაწოდოს არგუმენტირებული წერილობითი განმარტებები, თუ ის არ ეთანხმება მოცემულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ან წარმოადგინოს ნაშრომი საბოლოო სახით, სადაც გათვალისწინებული იქნება რეცენზირების დროს გამოთქმული მოსაზრებები. ავტორის განმარტებებს განიხილავს სარედაქციო კოლეგიის მიერ კონკრეტული შემთხვევისათვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ნაშრომის საფუძვლიანად გადამუშავების მოთხოვნის შემთხვევაში (გამოთქმულია არსებითი ხასიათის შენიშვნები):
ა) ავტორი უფლებამოსილია სარედაქციო კოლეგიას წარუდგინოს საკუთარი არგუმენტები, რომელთაც განიხილავს სარედაქციო კოლეგიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი და ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია (საჭიროების შემთხვევაში, სტატია შეიძლება გადაიგზავნოს დამატებითი რეცენზირებისათვის);
ბ) სურვილის შემთხვევაში, ავტორი ჟურნალს მიაწვდის ნაშრომის საფუძვლიანად გადამუშავებულ ვერსიას, რომელიც გაივლის წინასწარი განხილვისა და რეცენზირების დადგენილ პროცედურას.
სტატიის შეფასებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მიღებული იქნეს შემდეგი გადაწყვეტილებები:
ა) სტატია შეიძლება დაიბეჭდოს;
ბ) სტატია შეიძლება დაიბეჭდოს გადამუშავების შემდეგ;
გ) სტატიის დაბეჭდვა არ შეიძლება.
სტატიის გამოქვეყნების შესახებ საბოლოო დასკვნას იღებს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია. ნებისმიერი გადაწყვეტილება ეცნობება ავტორს.
რეცენზირებას ექვემდებარება ჟურნალში მიღებული მხოლოდ ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი.
„ქრონოსში“ შემოსული მასალის შეფასების კრიტერიუმებია: სტატიის სამეცნიერო სიახლე და მნიშვნელობა; მეთოდოლოგიური დასაბუთება; წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალისა და არგუმენტაციის შესაბამისობა დასკვნებთან; პირველწყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის (მათ შორის, უახლესი კვლევების) სათანადო ასახვა; ბიბლიოგრაფიის სისრულე, სტანდარტებთან და სქოლიოებთან შესაბამისობა; სტატიის სტილი; ილუსტრაციების თანხვედრა სტატიის შინაარსთან; მასალის სრულყოფილი შეჯამება რეზიუმეში.