კავკასიის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ
Abstract
ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე კავკასია ეთნიკური და კულტურული თვალსაზრისით მრავალფეროვანი გეოგრაფიული რეგიონია. აქ 50-მდე ეთნოსი მკვიდრობს. ისინი განსხვავებული კულტურის მატარებლები არიან. ამავე დროს კავკასიაში მკვიდრობენ არა მხოლოდ ძირძველი კავკასიელები, არამედ ინდოევროპულ და თურქულ ენებზე მოლაპარაკენიც.
რა იყო კავკასიის მრავალფეროვნების მიზეზი?
ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო იყო კავკასიაში არსებული ეთნიკური სიჭრელის და განსხვავებული ხალხური კულტურის მიზეზი. აქ მაღალ მთიანეთთან ერთად არის ვრცელი სტეპები და ნახევრადუდაბნოებიც, ზომიერი და სუბტროპიკული ჰავაც. კავკასიაში ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული 21 ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონი და 11 კლიმატური ოლქი გამოიყოფა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კავკასია ძველ პერიოდში მდებარეობდა ორ კულტურულ სამყაროს შორის; ესაა სამხრეთით ახლო აღმოსავლეთის ცივილიზებული და ჩრდილოეთით ნომადური საზოგადოებები. სამხრეთ კავკასიის ხალხები ისტორიულად ახლო აღმოსავლეთთან იყვნენ დაკავშირებული, ჩრდილოეთით მოსახლენი კი - ნომადებთან. ჩრდილოეთ კავკასიის ევრაზიის ნომადურ სამყაროსთან სიახლოვე განაპირობებდა აგრეთვე აქედან ადგილობრივი მოსახლეობის სამხრეთ კავკასიაში ჯგუფურ მიგრაციას (ლეკები, ოსები, ადიღეურ-აფხაზური ეთნიკური ერთობები). გვიან შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელთა მეკობრეობისა და თარეშების გააქტიურება დიდწილად ასევე გეოგრაფიული ფაქტორებით იყო განპირობებული. ვერ ახერხებდნენ რა დაბლობში გადასახლებას, გამრავლებულებმა თავის რჩენის ერთ-ერთ საშუალებად როგორც იქვე მეზობლებზე, ასევე საქართველოში თარეშები გამონახეს.
ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ჩერქეზული ტომების ნახევრად მომთაბარული ცხოვრების წესიც გეოგრაფიული ფაქტორით იყო განპირობებული. ევრაზიის სივრცეში ნომადების ხშირი მოძრაობა მათ მუდმივად ერთ ადგილზე ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა.
რატომ გაქრნენ საქართველოს აღმოსავლეთით მცხოვრები ალბანელები და როგორ შეინარჩუნეს თავისთავადობა ქართველებმა? თუ შევადარებთ ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის გეოგრაფიულ რეგიონებს, მათ შორის დიდ სხვაობას დავინახავთ; აზერბაიჯანის ტერიტორია ისტორიული ჰერეთის (საინგილოს) აღმოსავლეთით მხოლოდ დაბლობია, აქ არ არის მთაგორაკებიანი რელიეფი. საქართველოში კი ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ერთმანეთისაგან განსხვავებული ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო აქვს. ადრე შუა საუკუნეებში სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ალბანელების გაქრობა დაბლობში ცხოვრებამ, ხოლო ქართველების გადარჩენა მთამ და ტყიანმა ხეობებმა განაპირობა. საქართველოს რელიეფის ამ მრავალფეროვნებამ კი ხელი შეუწყო მეტნაკლებად ერთმანეთისაგან განსხვავებული ხალხური კულტურის შექმნას. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეთა განსხვავებულმა ლანდშაფტმა განაპირობა აქ მცხოვრებთა მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკური კავშირი, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ისტორიის ადრეულ ეტაპზე ქართველთა ინტეგრაციას, ერის ჩამოყალიბებას; მათ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეეძლოთ. ჯერ კიდევ 1918 წელს პავლე ინგოროყვა აღნიშნავდა, რომ „თავის თავად შემთხვევითი როდია ისტორიული გაერთიანება საქართველოსი ერთ კოლექტივად ზემოხსენებულ საზღვრებში: ისტორიას აქ ჰქმნიდა გეოგრაფიის ლოღიკა; ისტორიას გენეტიური კავშირი ჰქონდა საქართველოს ეკონომიურსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან“.
ქართველი ერის გადარჩენის მიზეზი საქართველოს მთა-გორიანი და ტყით დაფარული ვიწრო ხეობები იყო. ოსმალეთის იმპერიაში შემავალ საქართველოს სწორედ ასეთ მხარეებში შეინარჩუნეს ქართველებმა ეთნიკურობა და დედაენა, ხოლო იქ, სადაც ასეთი ლანდშაფტი არ იყო, ქართველები საერთოდ გაქრნენ (კოლა, არტაანი, ტაო).
გეოგრაფიული ფაქტორის შედეგი იყო ჩრდილოეთ კავკასიის მთის წინა დაბლობ და სტეპურ ზოლში არამდგრადი ეთნიკური ვითარება. ამ ვითარებას ევრაზიის სტეპებში აღმოსავლეთიდან დროდადრო ნომადების მოძრაობა ქმნიდა. ამის გამო იყო, რომ მთებში მცხოვრები ჩრდილო კავკასიელების ნამატი მოსახლეობა დაბლობში ვერ გადადიოდა საცხოვრებლად; შესაბამისად ისინი უფრო სამხრეთ კავკასიაში გადმოდიოდნენ. ბარში კი ისტორიულად აქ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კიმერიელები, სკვითები, სარმატები, ალანები, ჰუნები, ავარები, ხაზარები, ყივჩაღები, მონღოლები.
მთებში მცხოვრები ხალხების შეზღუდული კონტაქტები ეთნიკურ ინტეგრაციას აბრკოლებდა, არ ხდებოდა ამ ეთნიკურ ერთობათა დიდ ეთნოსებად ფორმირება. სწორედ ამან განაპირობა ერთი მოდგმის ვაინახების ორ სხვადასხვა ხალხად - ჩეჩნებად და ინგუშებად ჩამოყალიბება. ინტეგრაციის ნაცვლად მოხდა დეზინტეგრაცია.
დაღესტანში მულტიეთნიკურობას, გეოგრაფიულ ფაქტორთან ერთად, ამ ხალხებისათვის დამახასიათებელი სოციალური ვითარებაც უწყობდა ხელს, კერძოდ, ენდოგამიური ქორწინება. აქ ნათესავების ერთმანეთზე დაქორწინების ტრადიცია არსებობდა. ერთი სოფლის მკვიდრნი მეორე სოფლის მკვიდრებზე არასდროს ქორწინდებოდნენ. შესაბამისად არ ხდებოდა სამეტყველო კოდების შერევა.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
ლიცენზია
Copyright (c) 2022 Journal Chronos
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.