ხორასმიელთა მეფის ფარასმანესის ქვეყნის ადგილმდებარეობისათვის:

ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული არიანეს ერთი ცნობის ინტერპრეტაციის მცდელობა

Authors

  • გიორგი ქავთარაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

Abstract

ფლავიუს არიანეს “ალექსანდრეს ლაშქრობაში” შემონახული ცნობის თანახ მად, ძვ. წ. 327 წ. გაზაფხულზე ‘ხორასმიელების’ მეფე ფარასმანესი 1500 მხედრის თანხლებით ეახლა ალექსანდრეს შუა აზიაში მდებარე მდ. ოქსის (თანა მედროვე ამუ დარია) ნაპირთან და მოახსენა, რომ იგი ცხოვრობდა კოლხებისა და ამაძონელების მეზობლად და მზად იყო დახმარებოდა მას, თუკი ალექსანდრე გადაწყვეტდა იმ ტომების დამორჩილებას, რომლებიც სახლობდნენ პონტოს ევქსინოსამდე გადაჭიმულ მხარეში. ალექსანდრემ ‘ხორასმიელების’ მეფეს მიუგო, რომ იმჟამად მას არ ჰქონდა დრო და საშუალება პონტოსკენ გასალაშქრებლად, მაგრამ აზიის დაპყრობისა და ჰელესპონტისა და პროპონტისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ, იგი მთელი თავისი საზღვაო და სამხედრო ძალების დახმარებით ღრმად შეიჭრებოდა პონტოში და მხოლოდ მაშინ დასჭირდებოდა მას ფარასმანესის დახმარება.

ისტორიოგრაფიულ ლიტერატურაში გამოთქმულია საკმაოდ საფუძვლიანი შენიშვნა, რომ დაუჯერებელია “შავი ზღვის პერიპლუსის” ავტორს, ფლავიუს არიანეს, დაეშვა კოლხთა ბინადრობა ცენტრალურ აზიაში, ხორასმიელთა მეზობლად, ნაცვლად შავ ზღვასთან მდებარე ტრაპეზუნტის მიდამოებისა. ნავარაუდევია, რომ შეცდომა გაჩნდებოდა ბერძნულ ხელნაწერებში, ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ თავდაპირველ ტექსტში კოლხების გვერდით შუააზიელი ხორასმიელები ყოფილიყვნენ მოხსენიებულნი.

ცხადია, რომ არიანეს ტექსტი უნდა ეხებოდეს შავიზღვისპირეთს და არა ცენტრალურ აზიას, გარდა იმისა, რომ მასში მოხსენიებული არიან კოლხები, ამაძონელები და ევქსინის პონტო, ამასვე უნდა მოწმობდეს თვით ალექსანდრეს სიტყვები, რომ მხოლოდ ჰელესპონტისა და პროპონტისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ (ე. ი. ცენტრალური აზიიდან უკან გამობრუნების შემდეგ), გაემართებოდა იგი პონტოსკენ და ამისათვის გამოიყენებდა, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ძალებს. ეს უკანასკნელი შენიშვნა – ‘საზღვაო ძალების გამოყენება’ – სათუოს ხდის ცენტრალურ აზიაში მის უკან დაბრუნებას და შესაბამისად ხორეზმის მეფისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობას.

საფიქრებელია, რომელიღაც, ანატოლია-კავკასიის მიჯნაზე განლაგებული, ქვეყნის სახელი ყოფილიყო აღრეული ცენტრალურ აზიაში მდებარე ქვეყნის – ხორეზმის –  სახელწოდებასთან და საქმე გვქონდეს ეთნონიმისა თუ ქორონიმის მცდარ გამოყენებასთან. ეთნონიმთა მსგავსი კონტამინაციის შემთხვევები არცთუ იშვიათია ძველ წერილობით წყაროებში.

ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს სტრაბონის ცნობა, რომ სომხებმა თავისი ქვეყანა განადიდეს იბერიელთაგან გოგარენეს გარდა პარიადრის მთიანეთისა და ხორძენეს ჩამოჭრით. ეს მოვლენა შედარებით გვიანდელი ხანებით თარიღდება, ძვ. წ. ადრეული II საუკუნით. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს მოხდა, იბერიული პროვინციის, ხორძენეს, მისაკუთრების შედეგად სომხური მიწების გაფართოება მდინარე მტკვრამდე.

ხორძენეს ლოკალიზაციის საკითხთან მიმართებაში თითქოს ჩნდება მაცდუნებელი შესაძლებლობა, დაუკავშიროთ ეს მხარე ერთის მხრივ, არიანესეული ფარასმანესის ქვეყანას, ხოლო მეორეს მხრივ, ქართული მატიანეების არიან-ქართლის ლეგენდარულ ქვეყანას და ვივარაუდოთ, რომ ფლავიუს არიანეს „ალექსანდრეს ლაშქრობის” ტექსტში ხორასმიელთა მეფის ფარასმანესის სახელს, იბერიული მხარის ხორძენეს მმართველი იყოს ამოფარებული, მით უმეტეს, რომ სახელი ‘ფარასმანესი’ ხშირად არის დადასტურებული იბერიაში. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძვ. წ. გვიან IV – ადრეულ III საუკუნეების ცენტრალურ ამიერკავკასიაში მართლაც ჰქონდა ადგილი გარკვეულ მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს (იბერიის) ისტორიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტთან – სახელმწიფოებრიობის წარმოქმნასთან. ქართულ და სომხურ მატიანეთა მონაცემები აღადგენენ იმ მოვლენებს, რომელთაც საწყისი სტიმული ალექსანდრე დიდის მიერ აქემენიდთა იმპერიის დაპყრობით მიეცათ და რომლებსაც პოსტ-ალექსანდრულ ხანაში აღმოსავლეთქართული სახელმწიფოს იბერიის წარმოქმნა-ჩამოყალიბება უნდა გამოეწვია.

ადრეელინისტური ხანის ერთ-ერთი უმთავრესი და იმ ხანად შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან ბუნებრივად გამომდინარე მოვლენაა, – დამარცხებული იმპერიის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოების წარმოქმნა-აღმოცენება. სწორედ ამ ჭრილშია განსახილველი ქართული მატიანეების ცნობები, რომ ალექსანდრემ უბოძა ქართველებს მეფე თუ მმართველი და მისცა იდეოლოგიური საფუძველი – ყველა სახელმწიფოსათვის აუცილებელი ატრიბუტი: „და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივსცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა”.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2021-12-20

Issue

Section

ისტორია

Categories