ასაკის განსაზღვრის ანთროპოლოგიური (კბილების ცვეთა და თავის ქალას ნაკერების შეზრდა) და სასამართლო (რენტგენოლოგიური) მეთოდების შედარებითი ანალიზი შუა საუკუნეების ადამიანის ნიმუშებზე "ბერის საყდრებიდან" (ბორჯომი, საქართველო)

Authors

  • ლიანა ბითაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
  • შორენა ლალიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
  • გიორგი მწყერაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გიორგი ლაღიაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
  • რობერტო კამერიერე მოლიზეს უნივერსიტეტი, იტალია
  • ლეონარდო კატალინი მოლიზეს უნივერსიტეტი, იტალია
  • დენიზე პიანო მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
  • პიერა ალეგრა რასია კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია, იტალია
  • ელენა როვა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია, იტალია
  • ფრანჩესკა ბერტოლდი კა’ ფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია, იტალია
  • პიერ ფრანჩესკო ფაბრი ფლორენციის პრეისტორიის მუზეუმი და ინსტიტუტი, ფლორენცია, იტალია https://orcid.org/0000-0003-3633-0178

Abstract

კრანიალურ ნაშთებზე გამოყენებული ასაკის განსაზღვრის ტრადიციული მეთოდები შესაძლებელს ხდის ასაკის დადგენას კბილების ცვეთის და ნაკერების შეზრდის ხარისხის მიხედვით. ამ მეთოდებით ვიხელმძღვანელეთ საძვალიდან ამოღებულ ბიოარქეოლოგიურ ნიმუშებზე, თავის ქალებზე, რომელთაც არა აქვთ ქვედა ყბა. ბერები დაკრძალულნი იყვნენ ქვის თაროებზე. გარკვეული დროის შემდეგ, დანაწევრებული გამომშრალი ჩონჩხი თაროებიდან ძვალსაცავის შიგნით გადაჰქონდათ. კვლევის მიზანი იყო გაგვესაზღვრა, რომელი მეთოდით შეიძლებოდა უფრო ზუსტად დაგვედგინა ბიოლოგიური ასაკი: ტრადიციული ანთროპოლოგიურით (კბილების ცვეთა, ნაკერების შეზრდა), თუ კამერიერეს სასამართლო-სამედიცინო რენტგენოლოგიური (ერთფესვიანი კბილების – ეშვების) კვლევით.
ჩატარებული სამუშაო უაღრესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზის გამო: მონასტერში მიკვლეული ამ რაოდენობის კრანიალური ნაშთის შესწავლა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა; ამავდროულად, მონასტერი ხანგრძლივი დროის მანძილზე (X-XVI სს.) ფუნქციონირებდა და თვალნათლივ ასახავს სხვადასხვა ისტორიულ და არქეოლოგიურ კონტექსტს; მონასტრის ძვალსაცავში და მის გარშემო არსებულ სასაფლაოზე მოპოვებულია უამრავი ადამიანის (ბერების, ადგილობრივი მოსახლეობის და ამდენად, შესაძლოა, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლების) ძვლოვანი ნაშთები, რომელთა შედარებით შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი მეთოდების აპრობაციისათვის.
ასაკის განსაზღვრის რენტგენოლოგიური მეთოდი ეფუძნება შეუქცევად ბიოლოგიურ პროცესს, მეორადი დენტინის წარმოქმნით გამოწვეული პულპის ზომის შემცირებას. ახალგაზრდა ასაკში პულპის კამერის მოცულობა საკმაოდ დიდია და რენტგენოგრამაზე კბილის უდიდეს ფართობს იკავებს. ასაკთან ერთად, მისი ზომა მცირდება. მას შემდეგ, რაც გამოითვლება კბილის მთლიანი და პულპის კამერის ფართობები და აღნიშნული მონაცემები ჩაისმება სათანადო ფორმულაში, ვიღებთ ინდივიდის გარდაცვალების ბიოლოგიურ ასაკს (და არა ასაკობრივ დიაპაზონს), რაც მნიშვნელოვანია სტატისტიკური და პალეოდემოგრაფიული კვლევებისთვის. რენტგენოლოგიურმა მეთოდმა განსაკუთრებით საგულისხმო შედეგები მოგვცა, ზრდასრული და ხანდაზმული ადამიანების ასაკის დადგენისას, რასაც ანთროპოლოგიური მეთოდებით "45-50+" ასაკობრივი კატეგორიით აფასებენ და რომელიც უფრო ზუსტი განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა.
გარდაცვალების ასაკის დაზუსტება კბილების ცვეთის მიხედვით (DWE) შესასწავლი ნიმუშებისათვის სანდო არ არის, რადგან უმეტესობას სიცოცხლეშივე კბილების დაკარგვა აღენიშნება. ამიტომ კბილების ცვეთის მაღალი ხარისხი არ ვლინდება. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია სტომატოლოგიურ პათოლოგიებთან.
რაც შეეხება კამერიერეს რენტგენოლოგიურ (CRX) და თავის ქალას ნაკერების შეზრდის კვლევის (LAS) მეთოდებს, მათ შორის აღინიშნება ძალიან კარგი თანხვედრა. ეს შეეხება როგორც ახალგაზრდა (<45 წელზე ) და უფროსი (45+ წელზე) კატეგორიის ინდივიდებს, ასევე ინდივიდუალური ასაკის პირებს.
თავის ქალას ნაკერების შეზრდის მიხედვით (LAS) ხანდაზმულების ასაკი 45+ წლით განისაზღვრა, ხოლო კამერიერეს მეთოდით ამავე კატეგორიის (45+) ინდივიდების ასაკი უფრო მეტად დაზუსტდა. კერძოდ, დადგინდა, რომ გარდაცვლილთა შორის 40-49 და 50-59 წლის ასაკობრივი კატეგორიის პირები 22%-ს, ხოლო 60-69 წლის – 5%-ს შეადგენს.
კვლევებით დადგინდა, რომ გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 40,4 წელს შეადგენს, ხოლო მათ შორის 45 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა კატეგორია 34,15%-ს. ეს უკანასკნელი მონაცემი უფრო მაღალია, ვიდრე სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე წარმოდგენილი შესაბამისი პარალელური მასალის შესწავლის საფუძველზე მიღებული მონაცემები.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-01-20