ქართული ეკლესიის გალერეა – ღვთის სახლის კარიბჭე მართალთათვის
Abstract
მრავალ ქართულ ეკლესიასა და საკათედრო ტაძარს აქვს გალერეა, რომელიც არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. ჩემი აზრით, ისინი, თავიანთი სტრუქტურით, გაფორმებით და ფუნქციით – არსებით როლს ასრულებენ ეკლესიაში, ლიმინალური ზონის მიღმა გარე და სულიერ-რელიგიურ სამყაროთა დაკავშირების თვალსაზრისით. შენობის შესასვლელთან მისულ მლოცველებს ხვდება გადახურული შესასვლელი, ეკლესიისგან დამოუკიდებელი და, ამავდროულად, მისი განუყოფელი ნაწილი, რომელსაც მრევლის რელიგიურ ცხოვრებასა და ლიტურგიკულ რიტუალებში სიმბოლური მისია ეკისრება. ამ არქიტექტურულმა ელემენტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკლესიის საღმრთო ლიტურგიაში, რომელშიც აისახა ბიზანტიის იმპერიაში და ქართულ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში განვითარებული თეოლოგიური და ფილოსოფიური თეორიები.
გალერეათა და პორტიკების არსებობა წამოჭრის იდუმალ შეკითხვებს, რასაც შევეცდები, წარმოდგენილ სტატიაში გავცე პასუხი. რატომ ამკობდნენ მათ ასე ზედმიწევნით და რა იდეა იყო ამაში ჩადებული? უფრო მეტიც, რატომ აქცევდნენ ინიციატორები მათ ესოდენ დიდ ყურადღებას? თუ ვივარაუდებთ, რომ მათ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ, მაშინ რა იყო ამ არქიტექტურულ ელემენტთა როლი? რა იყო მათი სხვა ფუნქცია, თუკი ასეთი გააჩნდათ? განსხვავდება თუ არა მათი სტრუქტურა, ფუნქცია და მნიშვნელობა ადგილმდებარეობის მიხედვით? კულტურის, ისტორიისა და ფასადების გაფორმების შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოში განვითარებული საზოგადოება იყო, რომლის კულტურულ წინსვლაში დამწერლობას გადამწყვეტი ადგილი ეჭირა.
ადრინდელ ქართულ არქიტექტურულ და მხატვრულ ლიტერატურაში, ისევე, როგორც მიმდინარე გამოკვლევებში, შეიძლება მოიძებნოს სხვადასხვა ინტერპრეტაცია და ინფორმაცია ეკლესია-მონასტრების გალერეათა თაობაზე; მაგალითად, თომას კაფენბერგერის ნაშრომში მანგლისის ეკლესიაზე და ნატო გენგიურის სტატიაში ქართული ეკლესიის გალერეის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქართული საზოგადოების მიერ ამ არქიტექტურულ ელემენტთან დაკავშირებული ფილოსოფიური შეხედულებების აღქმას, აგრეთვე მის საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ არსს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ გალერეა იყო პირველი სივრცე, რომელშიც მრევლი შედიოდა ეკლესიაში მისვლისთანავე. რა როლი ჰქონდა კარიბჭეს/გალერეას ლიტურგიაში, თუკი საერთოდ ჰქონდა? ეს ელემენტები შეუმჩნეველი დარჩა მრავალი თემატური კვლევის დროს და ისინი ჩემი ამჟამინდელი გამოკვლევის მთავარ თემას წარმოადგენს.
როგორც ჩანს, გალერეის განვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ასპექტი არქიტექტურული ელემენტების მნიშვნელობის და სიმბოლიკის გაცნობიერება უნდა ყოფილიყო. ამდენად, ჩემი ძირითადი მიზანი გალერეის არქიტექტურულ კონსტრუქციასა და დეკორაციაზე დაყრდნობით მისი თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბებაა. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია ჭიშკართან, შესასვლელთან, გალერეასთან, დამატებით ნაგებობასთან და კარებთან ჩატარებულ შესაძლო ლიტურგიაზე. ასევე, ადრეული ქრისტიანობის დროიდან გამოთქმულ თეოლოგიურ და ფილოსოფიურ აზრებზე და ბოლოს, განსახილველი პერიოდის პოლიტიკურ კლიმატსა და კულტურულ გარემოზე.
ხელოვნებისა და დამწერლობის გამოყენებით ვიზუალურმა ელემენტებმა მნიშვნელოვანი კულტურული როლი შეასრულეს თეოლოგიური და ფილოსოფიური აღქმების, ასევე პოლიტიკური გზავნილების და ისტორიული მოვლენების გამოსახატავად.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
ლიცენზია
Copyright (c) 2022 Journal Chronos
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.