მკვიდრი ხალხები და ქართული სინამდვილე
Abstract
სტატიაში განხილულია საქართველოში დაგეგმილი ენერგოპროექტების, კონკრეტულად კი სვანეთში ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, რამაც საზოგადოების წინაშე სვანების მკვიდრ ხალხად აღიარების პრობლემა დააყენა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ენერგოპროექტების განხორციელებას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა; საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ დიდი ჰესები რეგიონის ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ და ეთნოკულტურულ ინფრასტრუქტურას დააზიანებს. ისინი ცდილობენ თავიანთი პროტესტი პერმანენტული აქციებით გამოხატონ. ოპონენტებს ერთ-ერთ გამოსავლად და მიმდინარე პროცესების დამაბრკოლებელ მექანიზმად სვანებისთვის მკვიდრი ხალხების სტატუსის მინიჭება მიაჩნიათ.
2018 წელს გაიმართა სრულიად სვანეთის კრება ლალხორი, რომელმაც ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, მთელ სვანეთში ჰესების მშენებლობის, ოქროს წარმოებისა და ყველა, ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისათვის მავნებელ, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარების აკრძალვის შესახებ. ლალხორმა მოითხოვა სვანების მკვიდრ ხალხად აღიარება.
მკვიდრი ხალხები სოციალური ჯგუფია; ის აერთიანებს კონკრეტული რეგიონის თავდაპირველ მცხოვრებთ, რომლებიც განსხვავდებიან ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით დასახლებული ჯგუფებისგან. მკვიდრ ხალხებს შენარჩუნებული აქვთ თავიანთი ტრადიციები ან ადრეული კულტურის სხვადასხვა ნიშნები. სახელმწიფოში, სადაც ცხოვრობენ, ისინი პოლიტიკურად და კულტურულად ცალკე დგანან ეთნიკური უმრავლესობისაგან და თავიანთ თავს მათგან განასხვავებენ; დღეს მკვიდრი ხალხები წარმოადგენენ საზოგადოების არადომინანტურ ნაწილს.
მკვიდრი ხალხები სარგებლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისაგან მინიჭებული განსაკუთრებული უფლებებით. ამდენად, სვანების მკვიდრ ხალხად აღიარება, მათ მისცემდა ტრადიციული და სათემო საკუთრების და კანონების შესაძლებლობას, ხოლო საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათთან შეთანხმების გარეშე, სვანეთში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აღარ განხორციელდებოდა, მათ ექნებოდათ თავიანთი პოლიტიკის დამოუკიდებლად გატარების და თავიანთ ტერიტორიაზე მიმდინარე მათთვის არასასურველ საქმიანობაზე უარის თქმის და მისი შეჩერების უფლება.
ნენსკრაჰიდროს პერიპეტიებში სვანებისთვის მკვიდრი ხალხების (Indigenous People) სტატუსის მინიჭების საკითხი ერთგვარი მანიპულაციის ობიექტად იქცა. გაუგებრობას იწვევს თავად ტერმინის Indigenous Peoples (მკვიდრი ხალხები) ქართული შესატყვისი, რაც სათანადო ორგანიზაციების სამოქმედო დოკუმენტების ქართულენოვან ვერსიებში თარგმნილია, როგორც მკვიდრი მოსახლეობა (indigenous population). მკვიდრი ხალხები და მკვიდრი მოსახლეობა განსხვავებული კატეგორიის ცნებებია. მკვიდრი ხალხები (Indigenous People) სოციო-პოლიტიკური ტერმინია; მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც ინგლისურად local population-ად ითარგმნება და ქართულ ოფიციალურ დოკუმენტებში Indigenous Peoples-ის შესატყვისად იხმარება, ამ უკანასკნელს არსობრივად არ შეესაბამება და სოციო-პოლიტიკური ტერმინი არ არის; გაუგებარია, რატომ ჩანაცვლდა მკვიდრი ხალხების ცნება ტერმინ მკვიდრი მოსახლეობით, ეს უხარისხო თარგმანს უნდა დავაბრალოთ თუ ობიექტის დაბნევის შეგნებულ მცდელობას?
სვანთა აღნიშნულ კატეგორიაში მოქცევა, ჩვენი სახელმწიფოსთვის ახალი საგარეო საფრთხეების წარმოქმნის პერსპექტივას აჩენს. ეს პრობლემა კი მესამე ძალაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნია და სასაზღვრო რეგიონების მიტაცებაზეა ორიენტირებული.
მეცნიერთა მიერ დამტკიცებულია, რომ სვანებისთვის მკვიდრი ხალხების სტატუსის მინიჭება ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია. საოჯახო ენის გარდა, სვანები არაფრით არ განსხვავდებიან საქართველოს სხვა კუთხეების მკვიდრთაგან, რომელთაც, მათ მსგავსად, სპეციფიკური ლოკალური სოციო-კულტურული მახასიათებლები გააჩნიათ. სვანი ისეთივე ქართველია, როგორც მეგრელი, ქართლელი, ხევსური, იმერელი, რაჭველი, და საქართველოს სხვა ეთნოგრაფიული კუთხის წარმომადგენელი.
მართებულად მიგვაჩნია, ქართულ ლექსიკაში Indigenous People(s)-ის შესატყვისად დამკვიდრდეს ტერმინი - ინდიგენი ხალხ(ებ)ი და არა მკვიდრი მოსახლეობა და შესაბამის ქართულ დოკუმენტებში მკვიდრი მოსახლეობა ინდიგენი ხალხ(ებ)ით ჩანაცვლდეს, რაც საფუძველშივე გამორიცხავს ტერმინებით მანიპულირების შესაძლებლობას და სხვადასხვა პოლიტიკური, ფინანსური და პირადი ინტერესებით მოქმედ ჯგუფებს არ მისცემს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალებას.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
ლიცენზია
Copyright (c) 2022 Journal Chronos
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.