ქართული ფასადის დეკორის პერფორმატიული ასპექტები

Authors

  • ერგა შნეურსონი ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი, ქრისტიანული აღმოსავლეთის და ბიზანტიური კვლევების განყოფილება, გერმანია

Abstract

ჯვრის, ოშკის, ნიკორწმინდის და სხვა მრავალი ძეგლის ფასადის წინაშე მდგარმა ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს და, გარკვეულწილად, შეიგრძნოს კიდეც ის ზემოქმედება, რასაც შუა საუკუნეებში მათი მხილველი განიცდიდა. დღესაც კი დეკორატიული სისტემა მკაფიო, გასაოცრად მდიდარი და განსაცვიფრებელია თავისი პროპორციებით, რიტმითა და სილამაზით.
ამგვარად, სკულპტურული სცენები დღემდე გვახსენებს ქვეყნის ისტორიასა და იმდროინდელ ადგილობრივ მოვლენებს საქართველოში, აღძრავს რელიგიურ განცდებს და აღტაცებას იწვევს. მათი საშუალებით გამოსახულების შინაგანი ძალა გამოიყენებოდა მრავალმნიშვნელოვანი პრინციპების რეალიზაციისათვის.
ახალი და ძველი სკულპტურული ფასადების შედარება წარმოაჩენს ცვლილებას ან ევოლუციურ ეტაპს მათი დეკორის განვითარებაში. სკულპტურული ფასადები ქმნიდა კიდევ ერთ, ხილულ ინტერპრეტაციულ ფენას, რომელიც წარმოაჩენდა პოლიტიკურ კავშირს ეკლესიის ნაგებობასა და მნახველებს შორის. მნახველთა მოძრაობა და მათ მიერ სცენებზე ან თუნდაც ცალკეულ დეტალებზე დაკვირვება შესაძლებელს ხდიდა  გაეაზრებინათ მოვლენა და მთელი მისი ისტორია. მათი მახსოვრობა კიდევ უფრო ძლიერდებოდა არქიტექტურის ვიზუალური საშუალებებით, ქანდაკებებით და, დიდი ალბათობით, პროცესიებისა და ლოცვების საშუალებითაც. წმინდა ადგილის გარშემო არსებული ლანდშაფტი ქმნიდა საკრალურ ატმოსფეროს და, ამგვარად, აძლიერებდა მორწმუნეთა სულიერ განცდებს, წმიდა ადგილებში შესვლამდე და მის შემდეგაც. ქროსლი თავის ნაშრომში Ductus and Memoria ამტკიცებდა, რომ „ამ ესეს მიზანია ტაძარი აღვიქვათ არა როგორც ტექსტი, არამედ როგორც გამოცდილება და შევისწავლოთ ურთიერთკავშირი ესთეტიკასა და პერფორმანსს შორის“. ამგვარად, იგი გოთიკური ფასადების სკულპტურას „წმინდა წიგნს“, summa in stone-ს, უწოდებს, რაც ძალზე ესადაგება ქართული ეკლესიების  ფასადებს.
ხელოვნების ნიმუში არ არსებობს როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ობიექტი. პირიქით, ის არის გამოცდილება, რომელიც ცვლის ადამიანს და ზემოქმედებს ადამიანზე, რომელსაც მასთან აქვს შეხება. რაც შეეხება რელიგიურ ხელოვნებას საქართველოში, სკულპტურული ფასადები მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებად არ მოიაზრებოდა. პირიქით, ისინი იწვევდნენ მთელ ჯაჭვურ რეაქციას: რელიეფები ურთიერთმოქმედებდა მაყურებლებზე, აძლევდა მათ შესაძლებლობას განეცადათ ჭეშმარიტების ამოფრქვევა, აღძრავდა მძაფრ ემოციებს, რაც ძლიერდებოდა პროცესიების, ლოცვების, მუსიკისა და ამაღლებული პეიზაჟების მეშვეობით. ხელოვნების ნიმუში გამოწვევა იყო მაყურებლისთვის, უპირველესად თავისი მიმეტიკური, თვითრეფლექსიური და რეპრეზენტაციული ბუნების წყალობით.
ფასადების პერფორმატიული ასპექტები სცილდება სტატიკური საკრალური გამოსახულების ჩარჩოებს და გარდაიქმნება მასშტაბურ და ტრანსფორმაციულ აქტად. ამდენად, ქანდაკებები უნდა აღიქმებოდეს როგორც ფასადებზე წარმოდგენილი დრამა. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: როგორ აღიქვამდა მაყურებელი ასეთ მხატვრულ პროგრამას? რა ძალა ჰქონდათ და აქვთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც დღესაც ისევე ზემოქმედებენ მაყურებელზე, როგორც მაშინ?
საკრალური ხელოვნების ნიმუში შეგვახსენებს, რომ მისი არსებობის რეჟიმი „სკულპტურული ფასადების დამკვირვებლის სულიერი მდგომარეობის გარდასახვაში“ მდგომარეობს. რელიგიური სახეების გააზრებაში გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს ფორმა, სტილი ან ესთეტიკა, არამედ მაყურებლის ემოციური გამოხმაურება და რეაქცია. საქართველოში ეს კონსტრუქცია, ჩემი არგუმენტით, ვიზუალიზებულია მეტაფორული პაროხეტის – ქანდაკებათა ფარდის – სახით, რომელიც ეკლესიის მთელ ნაგებობაზეა გაშლილი.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2026-01-15