მიჯაჭვულობა ნოსტალგიურ სივრცესთან: ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული მამაკაცების მიერ აზერბაიჯანული ჩაიხანების ხელახლა შექმნა
Abstract
წინამდებარე სტატიაში განხილულია ჩაის სახლების (ჩაიხანას) სოციალური და ემოციური მნიშვნელობა ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელი მამაკაცების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეთნოგრაფიულ კვლევაზე დაყრდნობით, ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ და რატომ ქმნიან ხელახლა იძულებით გადაადგილებული პირები ამ ტრადიციულ სივრცეებს ახალ საცხოვრებელ გარემოში. ნაშრომში ჩაიხანები წარმოდგენილია, როგორც კულტურული უწყვეტობის შენარჩუნების, ტრავმის გადალახვის, სოციალური კავშირების განმტკიცებისა და ადგილის მიმართ ახალი ემოციური მიჯაჭვულობის შექმნის საშუალება. ამგვარი ანალიტიკური მსჯელობა, თავის მხრივ, უკავშირდება სამეცნიერო დებატებს სივრცეზე, ნოსტალგიასა და სოციალური ადაპტაციის თავისებურებებზე. კვლევა ეფუძნება 2022 წელს ჩატარებულ სამთვიან ეთნოგრაფიულ საველე კვლევას ბაქოსა და ბილიასუვარში (ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან). ეთნოგრაფიულ ველთან წვდომა რთული იყო თემის პრობლემურობის, იმ პერიოდში მიმდინარე ყარაბაღის კონფლიქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მიზეზების გამო. ამ პრობლემის გადასაჭრელად, სტატიაში ხაზგასმულია პოსტკონფლიქტურ ეთნოგრაფიაში არაფორმალური ურთიერთობებისა და მთხრობელებთან პერსონალური დაახლოების მნიშვნელობა.
ნაშრომის თეორიული ჩარჩო ეყრდნობა გ. ჰაჟის აქტიური ნოსტალგიის კონცეფციას, რომელიც ნოსტალგიას განიხილავს არა როგორც წარსულზე პასიურად და მტკივნეულად მიჯაჭვულობის განცდას, არამედ როგორც მომავლისკენ მიმართულ ემოციურ პრაქტიკას. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ნოსტალგია ხდება იდენტობის აღდგენისა და ახალი კავშირების შექმნის ინსტრუმენტი. ნაშრომის ინდუქციურად განზოგადებისას ეთნოგრაფიული მასალის ანალიზი ეყრდნობა ტუანის თეორიასაც, რომელიც კონკრეტული სივრცის ემოციური დატვირთვის მქონე ადგილად გარდაქმნის პროცესში ადამიანთა შეგრძნებებისა და ემოციური გამოცდილებების როლს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია კონერტონის და ჰერცფელდის ნაშრომებიც, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი ხდება მეხსიერებისა და გენდერული სივრცეების ანთროპოლოგიური ანალიზი.
სტატიაში განხილულია ყარაბაღიდან დევნილი აზერბაიჯანელი მამაკაცების მიერ სამი განსხვავებული ჩაიხანის ხელახლა შექმნის ნიმუში. პირველი მათგანი მდებარეობს ბაქოში, ყოფილ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რომელშიც ყარაბაღიდან (აღდამიდან) იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, დასახლების შემდეგ, გადაწყვიტეს ტრადიციული, მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილი სივრცის ხელახლა შექმნა. ამ სივრცეში ჩაის სმა და ტრადიციული თამაშები ჩაიხანას ერთგვარ სენსორულ თავშესაფრად აქცევს, რომელშიც მამაკაცები ყოველდღიურად იკრიბებიან, ცვლიან ინფორმაციას, განიხილავენ პრობლემებს და ამყარებენ საკუთარ სოციალურ კავშირებს.
მეორე ჩაიხანა წარმოადგენს მოდერნიზებულ და ახალგაზრდულ კულტურაზე მორგებულ ჩაის სახლსა და სასტუმროს ბაქოს ცენტრში. მისი შემქმნელი, ახალგაზრდა იძულებით გადაადგილებული მამაკაცი, შეეცადა ტრადიციული სივრცე გადაექცია ინკლუზიურ ადგილად, სადაც ყოფნა ქალებისთვისაც იქნებოდა დასაშვები და რომელშიც გაერთიანებულია მუსიკა, თანამედროვე სამაგიდო თამაშები და ურბანული ესთეტიკა. ფლორა წარმოადგენს აზერბაიჯანული კულტურისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჩაის სახლის ახალი თაობის ინტერესებისთვის მორგების ორიგინალურ მცდელობას, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის დევნილობის პერიოდში ჩამოყალიბებული ბავშვური მისწრაფებები, ბიზნესინტერესი და იძულებით გადაადგილებულთა რესოციალიზაციის მცდელობანი.
ჩაიხანის მესამე მაგალითი ბილიასუვარის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებას მოიცავს. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბილიასუვარის ჩაიხანა ფუნქციონირებს როგორც ერთგვარი რესტორანი. მისი კულტურული მნიშვნელობა, ერთი შეხედვით, ისეთივეა, როგორც განხილული პირველი ჩაიხანისა, მიუხედავად ამისა, იძულებით გადაადგილებულთა სოციალური სივრცის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ჩაიხანა, როგორც პროფანული სივრცე, ნაკლებმნიშვნელოვანია დასახლების მორწმუნე საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილისთვის, რომლებსაც ნამაზის ლოცვების შემდეგ, ჩაის სახლში სტუმრობას, საკუთარ საცხოვრებელ გარემოში ინტერაქცია ურჩევნიათ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩაიხანის სოციალურ მნიშვნელობაზე, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, გავლენას რურალური გარემო და მორწმუნე მუსლიმი საზოგადოების ყოველდღიური რელიგიური პრაქტიკაც ახდენს.
საბოლოო ჯამში, ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, სტატიაში გამოკვეთილია ჩაიხანის, როგორც ტრადიციული აზერბაიჯანული სოციალური სივრცის ხელახლა შექმნის შემთხვევები ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ. ამ პროცესის აქტიური ნოსტალგიისა და სივრცის ანთროპოლოგიის ჩარჩოებში ანალიზის შედეგად სტატიაში ჩაიხანა ერთგვარ მიკროკოსმოსადაა წარმოდგენილი, რომელიც აზერბაიჯანელ დევნილ მოსახლეობაში არსებულ ეკონომიკურ, რელიგიურ თუ სოციოკულტურულ პრობლემებს ასახავს.
##submission.downloads##
გამოქვეყნებულია
ლიცენზია
Copyright (c) 2022 Journal Chronos
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.