სპარსულ-აქემენიდური ხუროთმოძღვრების ახლადაღმოჩენილი ძეგლი სამხრეთ კავკასიაში

Authors

  • იულონ გაგოშიძე საქართველოს უნივერსიტეტი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
  • დავით გაგოშიძე საქართველოს უნივერსიტეტი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი

Abstract

XX საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ აზერბაიჯანში (სარითეფე), ჩრდილოეთ სომხეთსა (ბენიამინი) და აღმოსავლეთ საქართველოში (გუმბათი, კავთისხევის ციხიაგორა) არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი სპარსულ-აქემენიდური მონუმენტური ხუროთმოძღვრების ძეგლების ერთობლიობა საშუალებას იძლეოდა გვემსჯელა ძვ. წ. V-IV საუკუნეებში აქემენიდური კულტურის ძლიერი გავლენის შესახებ სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ 2006-2023 წლებში ყარაჯამირლიში (აზერბაიჯანი) და ალაზნის ველზე – გუმბათ/სააქლემოში (საქართველო) არქეოლოგიური გათხრების შედეგებმა ცხადი გახადა, რომ შეიძლება ვისაუბროთ არამარტო სპარსულ-აქემენიდურ გავლენაზე, არამედ სპარსელების ყოფნაზე სამხრეთ კავკასიაში.
სააქლემო/გუმბათის და სარითეფეს სვეტებიანი სასახლეები თითქმის თანაბარი მანძილებით (60-100 კმ.) არის დაშორებული ყარაჯამირლისგან, რაც ძალაუნებურად გვაფიქრებინებს ტერიტორიის დაყოფაზე ადმინისტრაციულ-საგამგეო ერთეულებად: ყარაჯამირლი თუ სატრაპის რეზიდენცია იყო, სააქლემო/გუმბათი და სარითეფე ამ სატრაპიის პროვინციების ცენტრები შეიძლება ყოფილიყო (ჰეროდოტეს მიხედვით XI სატრაპია [Hdt.III.92]).
კახეთში, ალაზნის ველზე აქამდე აღმმოჩენილი ყველა აქემენიდური მონუმენტური ნაგებობა მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ამ ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი ძეგლი ალაზნის მარცხენა სანაპიროზეც გამოვლინდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭაბუკიანის სამხრეთით დაახლოებით 5 კილომეტრში, ალაზნის ჭალაში, ბრინჯაოს ხანის ყორღანის დაბრტყელებულ მწვერვალზე შავი არქეოლოგების მიერ გათხრილ ორმოში აღმოჩნდა კირქვისგან გამოთლილი ზარისებური ბაზისი. ჭაბუკიანის ბაზისს სარითეფეს, გუმბათის, ბენიამინის და ყარაჯამირლის ზარისებური ბაზისებისგან განსხვავებით უფრო გართულებული ორნამენტი აქვს და ზუსტად ისეთივეა, როგორიც სააქლემოს ბაზისები (სააქლემო რადიოკარბონული დათარიღებით ძვ. წ. 400 წელზე უფრო ადრეულია). სპარსულ აქემენიდური ზარისებური ბაზისების ბურკჰარდტ ვეზენბერგისეული კლასიფიკაციით გამოყოფილია ოთხი ტიპი. ჭაბუკიანისა და სააქლემოს ბაზისები გარკვეულ მსგავსებას იჩენენ მის C და D ტიპებთან, მაგრამ ვფიქრობთ მაინც მათგან განხვავებულ (მეხუთე) ტიპად უნდა იქნენ მიჩნეულნი.
სამხრეთ კავკასიაში აქამდე ცნობილი ყველა სპარსულ-აქემენიდური ნაგებობა ველზეა განლაგებული. ჭაბუკიანის ბაზა კი გორის (ყორღანის) წვერზე აღმოჩნდა, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ მას შეიძლება საკულტო ფუნქცია ჰქონდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებულია

2025-01-20

Issue

Section

Archeology

Categories